აწყური ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში, რომელსაც ადრე სოსანგეთი რქმევია. ისტორიული წყაროების თანახმად, ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს ლაშქრობის პერიოდისთვის (VIIს) აქ ტაძარი აუგიათ, რომელიც XII-XVI საუკუნეებში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს საეკლესიო ცენტრი გამხდარა. ფართობით იგი ყველაზე დიდი ტაძარი იყო საქართველოში, სიდიდით თვით სვეტიცხოველსაც კი აღემატებოდა.
XIII საუკუნის მიწურულს, მიწისძვრას დაუნგრევია ტაძარი, რომელიც მალევე აღუდგენიათ.
დღეისათვის ეკლესია დანგრეულია. როგორც ჩანს, ტაძარი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში დაინგრა. მზრუნველობას მოკლებული ტაძრის ქვებს, გამაჰმადიანებული მოსახლეობა საკუთარი სახლების მშენებლობაში იყენებდა. სოფელში დღემდე შევხვდებით სახლის კედლებში გამოყენებულ ჩუქურთმიან ქვებს.
ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენდა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომლის შექმნაც უდიდეს სასწაულს უკავშირდება - უფლის სიტყვის საქადაგებლად, ღვთისმშობელი საქართველოში გამომგზავრებას აპირებდა, როდესაც ქრისტე გამოეცხადა და აუწყა რომ მისი მიძინების ჟამი ახლოვდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად, საქართველოში ანდრია მოციქული უნდა წასულიყო და თან უნდა წაეღო ხატი, რომელიც დადაღვთის სახეზე ფიცრის დადებისას გამოისახებოდა... ხელთუქმნელი ხატით შემობრძანებულ ანდრიას, მრავალი სასწაული აღუსრულებია საქართველოში მისი დახმარებით. მან ააგო ეკლესია ხატის დასაბრძანებლად. შმდეგ იქ, ძველი ეკლესიის ადგილზე დიდი ტაძარი ააგეს.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი