კუმურდოს ეკლესია X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარია. სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია ააგო ხუროთმოძღვარმა საკოცარმა. ტაძრის საძირკველი დაუდიათ 964 წლის მაისის თვეში, შაბათ დღეს, აფხაზთა მეფის ლეონ III -ს დროს. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.
ტაძრის სამხრეთის თაღოვანი გალერეა XI საუკუნისაა, ხოლო დასავლეთის შესასვლელი XVI საუკუნის. კუმურდო გარდამავალი გეგმით ნაგები ტაძარია. ჩუქურთმების გარდა გვხვდება რელიეფური ქანდაკებებიც - ერთი, წარწერის თანახმად გამოსახავს დედოფალ გურანდუხტს, საქართველოს მეფის ბაგრატ III -ის დედას, ხოლო მეორე გურანდუხტის ძმას, აფხაზთა მეფეს ლეონ III-ს. საკურთხევლის მორთულობაში ოთხი მახარებლის სიმბოლოა: ანგელოზი, ლომი, ხარი და არწივი.
საკურთხეველი დროთა განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, ჩამოიქცა გუმბათი, განადგურდა სახურავი. შემდგომში დანგრეულის ნაცვლად ახალი კედელი აუგიათ ქვის უხეში წყობით.
1964 წელს კუმურდოს აგების 1000 წლისთავი აღინიშნა.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი