ძვ.წ. III საუკუნეში, ეგრის-სვანეთის ერისთავ ქუჯის ბრძანებით აგებულ ქალაქს 15 ჰა. ფართობი უკავია. მისი თავდაპირველი სახელი ყოფილა ,,ციხეგოჯი“, მოგვიანებით იგი იხსენიება ბერძნული სახელწოდებით - ,,არქეოპოლისი“. ახ.წ. IV საუკუნეში ,,ციხეგოჯი“ ხდება ეგრისის სამეფოს დედაქალაქი. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის (VIს) ცნობით ,,არქეოპოლისი იყო პირველი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანაში“. 551 წელს სპარს სარდალ მერმეროეს დიდი ძალებით უცდია ქალაქის აღება, მაგრამ უშედეგოდ.
730-იან წლებში, ციხე-ქალაქი დაუნგრევია არაბ მურვან ყრუს. შემდგომში იგი ჩვეულებრივი დასახლებული პუნქტი ყოფილა მცირე ზომის ციხითა და ტაძრით. XVI-XVIII საუკუნეებში არქეოპოლისი ოდიშის მთავარ დადიანთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
ციხე-ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგებოდა: მდინარე ტეხურის სანაპირო ზოლში მდებარე მთავარი ნაწილის, ფერდობზე განთავსებული გარნიზონისა და მთის წვერზე აგებული ციტადელისაგან.
აღმოსავლეთ მხრიდან, ქალაქს სამმაგი კედელი ერტყა. ქალაქს გაჩნდა ორი - სახმელეთო და სამდინარო ჭიშკარი.
ქვედა ციხის ტერიტორიაზე გამოვლენილია ეგრისის მეფეთა სასახლეების (IV-VIსს), სამნავიანი ბაზილიკის, კოშკიანი ჭიშკრისა და ორი აბანოს ნაშთები. სამეფო აბანო ცენტრალური გათბობის სისტემაზე მუშაობდა. იგი რთული კომპოზიციის კაპიტალური ნაგებობაა.
აღმოჩენილია ძვ.წ. IV-III საუკუნეთა ჟამინდელი ქვევრ-სამარხები, რომლებშიც დაკრძალულ მიცვალებულებს პირში კოლხური თეთრი მონეტა ედოთ.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი